ქუთაისის ნაგავსაყრელი!!!

ქუთაისის ნაგავსაყრელიImage გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ფუნქციონირებს, რა თქმა უნდა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე. არსებული პოლიგონი განთავსებულია მჭიდროდ დასახლებულ უბანთან. გარდა ამისა, იგი ახლოსაა წყალტუბოს რაიონის სოფლებთან. პოლიგონი რამდენიმე წლის წინ საავტომობილო გზის მხრიდან შემოიღობა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამით რაიმე სახის პრობლემა მოიხსნა. უბრალოდ, გაკეთდა ის, რომ გამვლელები ვიზუალურად ვერ აღიქვამენ იმ საშინელებას, რაც ღობის მეორე მხარეს არის.

პოლიგონს ერთი მხრიდან ესაზღვრება მდინარე რიონი, რომელმაც ტერიტორიის გარკვეული ნაწილი მიიტაცა. ეს, ბუნებრივია, იწვევს რიონის დაბინძურებას.

არსებული ნაგავსაყრელი, შეიძლება ითქვას, არის ნელი მოქმედების ნაღმი და მისი დახურვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, დახურვა უნდა მოხდეს წესების დაცვით, რათა არ მივიღოთ უარესი შედეგი.

უკვე წლებია, საუბრობენ ახალი ნაგავსაყრელის გაკეთების შესახებ. ცენტრალური ხელისუფლებაც გააქტიურდა ამ კუთხით. სახელდება ტერიტორიაც _ სავარაუდოდ, ქუთაისის შემოსასვლელში, ახალგაზრდობის გამზირისკენ, მოსახლეობისგან მოშორებით, სადაც შესაძლებელია მოეწყოს პოლიგონი, მაგრამ ფართო საზოგადოებისათვის, ჯერჯერობით, კონკრეტული რაიმე პროექტი უცნობია. განსამარტია, ასევე, რატომ ანიჭებენ უპირატესობას აღნიშნულ ადგილს და არა სხვას.

შესაძლებელია, ეს ადგილი ნამდვილად არის მისაღები ახალი პოლიგონისთვის, ან შესაძლებელია ვინმეს სხვაგვარი მოსაზრება ჰქონდეს. ვიცით მხოლოდ ის, რომ აქცენტი გაკეთებულია რეგიონულ ნაგავსაყრელზე, რაც მისასალმებელია.

არსებობს ნაგავსაყრელის მოწყობის საერთაშორისო სტანდარტები და თუკი აღნიშნულ სტანდარტებს დაიცავენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ათეული წლების განმავლობაში მოსახლეობა და რეგიონი დაცული იქნება შემდგომი გართულებებისგან. თუმცა, ალბათ, სასურველია, ხელისუფლებამ დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნოს, რა იგეგმება, სად აპირებენ ახალი ნაგავსაყრელის განთავსებას, რამდენად იქნება დაცული მოსახლეობა ზემოქმედებისაგან და ასე შემდეგ”

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისში, ახალი თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობას გეგმავს, რომელიც რაჭა-ლეჩხუმის და იმერეთის რეგიონს მოემსახურება. რაც შეეხება ნიკეას ძველ ნაგავსაყრელს, მისი დახურვაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

Leave a comment